ქართული მინანქრის ისტორია
საქართველოში ჩვ.წ.-ის პირველ საუკუნეებში არსებობდა ოქრომჭედლობისა და საიუველირო ოსტატობის ადგილობრივი მხატვრული სკოლა, რომელიც ვითარდებოდა შუა ბრინჯაოს ეპოქასთან დაკავშირებული მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი ტრადიციების საფუძველზე. დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილი საიუველირო ხელოვნებისა და ოქრომჭედლობის ნიმუშების შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ მხატვრული გემოვნებისა და სტილის განვითარების ხანგრძლივი გზა, რომელიც უშუალო კავშირში იყო ქვეყნის კულტურული განვითარების ისტორიასთან. ძირითადი მიღწევები ოქროს საიუველირო ნაკეთობათა დამზადების ტექნიკის სფეროში – გრეხილურის, ჭედურობის, კვერვის, განსაკუთრებით ზედნადები ცვარას გამოყენება – დიდი დროის მანძილზე შემორჩა ოქრომჭედლობას. ამასთანავე, ახალი მასალის გაჩენასთან – მინის განსაკუთრებით ფერადი მინის დამზადების ხერხის აღმოჩენასა და დანერგვასთან დაკავშირებით, საიუველირო ნაკეთობათა პოლიქრომიაში ცვლილებები ხდება. უკვე გვიან ანტიკურ ხანაში ოქროს საიუველირო ნაკეთობათა პოლიქრომიაში ფერადი მინა ცვლის ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებსა და პასტას. ჩვ. წ-ის მე-2 საუკუნეში ჩნდება პირველი ტიხრული მინანქრის ნიმუშები.
ქართული მინანქრის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უადრესი ნიმუშები მე-8-9 საუკუნეებს მიეკუთვნება. ეს არის ანთროფომორფული ძეგლები, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული აღნიშნული პერიოდის მთელი ქართული ხელოვნების საერთო ტენდენციებთან. ხატმებრძოლეობა, რომელიც საქართველოსათვის უცხო დარჩა, ბუნებრივს ხდის საქართველოში ანთროპომორფული ხელოვნების ნიმუშების შექმნას
შუა საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქრის ძეგლები საკმაოდ მრავლადაა. მათი მხატვრული ღირსებები განსაზღვრავს ქართული მინანქრის განსაკუთრებულ ღირებულებას, რომელიც მეტყველებს ეპოქის მხატვრული შემოქმედების სიმდიდრესა და ბრწყინვალებაზე. ამ პერიოდის ტიხრული მინანქრის ძეგლებში გამოყენებულია მაღალი სინჯის ოქრო ან ოქროსა და ვერცხლის შენადნობი – ელექტრუმი, რაც მეტ სიმყარეს ანიჭებს მინანქარს. აღნიშნული პერიოდის მინანქრები ძირითადად საეკლესიო დანიშნულების ნივთებია, იშვიათად თუ აკეთებდნენ საერო ხასიათის ნაკეთობებს. ეს ნაკეთობები ზომით არც თუ ისე დიდი ზომის, პატარა ნაკეთობებია.
ქართული მინანქრული ხელოვნების განვითარებაში მე-10 და მე-12-13 საუკუნეები განსაკუთრებული შემოქმედებითი აღმავლობით ხასიათდება. გამოხატული სახის უშუალობა, გრძელი, ფიგურათა საერთო მოცულობის შემბოჭველი ნაკეცების (ტიხრების) რიტმი, კანის ღვინისფერი ტონი, მარტივად დამუშავებული სახეების ექსპრესია და ზოგჯერ ქართული წარწერებიც – მე-10 საუკუნის ქართული მინანქრებისათვის დამახასიათებელი ნიშნებია. აღნიშნული პერიოდის მინანქრებს ძირითადად ოქროს ფონი აქვს, თუმცა იყენებდნენ აგრეთვე მინანქრის ფონსაც. სწორედ მინანქროვანი ფონის ოქროს ფონით შეცვლა მე-10 საუკუნის ძირითადი ტენდენციით არის განპირობებული და ემსახურება ფიგურული გამოსახულების უკეთ გამოვლენას – ფიგურისა და ორნამენტის გამიჯვნას.
მე-12-13 საუკუნეების მინანქრებისათვის დამახასიათებელია ეპოქის საერთო ტენდენციები – სიმდიდრის, დეკორატიულობის, ცხოველხატულობისა და დინამიკის მომენტები. აღნიშნულ პერიოდში აღსანიშნავია ქართულ მინანქრში ქართული და ბიზანტიური ტენდენციების შერწმა. ქართული ძეგლები, მართალია მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზანტიურ სამყაროსთან, მაგრამ ამავე დროს იგი მთელი სიცხადით წარმოგვიჩენს ქართული მინანქრული ხელოვნების თავისთავადი, დამოუკიდებელი ევოლუციის პროცესს, რომელიც ორგანულად ერწყმის მთელი ქართული ხელოვნების განვითარების ერთიან ხაზს.
მე-15 საუკუნეში სრულდება ქართული მინანქარის ისტორიის გარკვეული ეტაპი. მე-15 საუკუნის შემდეგ მინანქრის ხელოვნება საქართველოში დროებით ქრება. იგი კვლავ აღორძინდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. ქართული მინანქარის ეს პერიოდი ქართული სამინანქრო ხელოვნების ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც თავისი სტილის, შესრულების მანერის და მინანქრული კოლორიტის შემკულობით ინარჩუნებს თვითმყოფად ქართულ სახეს.







