თანამედროვე ქართული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია

ესკიზის შექმნა

Creating Sketch

თანამედროვე ქართული ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ ის ეტაპები, რომელიც უნდა გავიაროთ ტიხრული მინანქრის მომზადების დროს. პირველი ეტაპია სასურველი ნაკეთობის ესკიზზე მუშაობა, როგორც ძირითადი ფორმის, ასევე შიდა კომპოზიციის შექმნა

ფორმის დამზადება

Shaping

ძირითადი ფორმის დამზადება შეიძლება, როგორც საიუველირო წესით (ხელნაკეთი), ასევე ჩამოსხმის გზით. შემდეგი ეტაპი წარმოადგენს სასურველი შიდა კომპოზიციის მიხედვით მასზე ტიხრებისათვის ზუსტი ფორმის მიცემას. ტიხრებისაგან მივიღებთ კომპოზიციას, რომელიც იქნება ანალოგიური იმისა, რაც გვქონდა ესკიზზე

ჩაწებება

Pasting In

ამის შემდეგ ხდება ტიხრების დაკავშირება ძირითად ფუძეზე. არსებობს ტიხრების დაკავშირების რამოდენიმე მეთოდი: 1. ტიხრების მიდუღება კავშირის დახმარებით; 2. სპეციალური წებოს საშუალებით და 3. ფონდონის (ფხვნილი) გამოყენებით

გაფერადება

Filling With Colors

ფუძეზე ტიხრების დაფიქსირების შემდეგ, ვირჩევთ სასურველ ფერებს. აქვე შეგვიძლია დავიხმაროთ წინასწარ ჩვენს ხელთ არსებული ფერებისაგან შედგენილი პალიტრა. ფერების შერჩევის შემდეგ ვიწყებთ წვრილი ფუნჯით ფერის მასის ჩადებას არსებულ ფორმაში. ფერებს ვდებთ ფუძეზე, ტიხრების დონეზე, რათა სხვადასხვა ფერი არ შეერიოს ერთმანეთს და არ დაგვიზიანოს სასურველი კომპოზიცია

გამოწვა

Burn

ფერებით ფორმის შევსების შემდეგ ნამუშევარს ვათავსებთ მუფელის ღუმელში და ვწვავთ 2-3 წუთის განმავლობაში 800-850 გრადუს ტემპერატურაზე. ღუმელიდან ნამუშევრის გამოღების შემდეგ ველოდებით მის გაციებას. ამის შემდეგ ვაგრძელებთ ფერების ჩადების მეორე ეტაპს, რადგან პირველი გამოწვის შემდეგ ფერების დონე იწევს ქვევით და საჭირობს შევსებას. შემდგომ ვწვავთ იგივე ტემპერატურაზე. გაციების შემდეგ ნამუშევრის ზედაპირს გამდინარე წყალში ვამუშავებთ ალმასის ქლიბებით, რათა მივიღოთ თანაბარი ზედაპირი და გამოვაჩინოთ ყველა ის ტიხარი, რომელიც გვაქვს კომპოზიციაში

გაპრიალება

Polishing

ზუმფარას ქაღალდი, რომელიც გამოიყენება მინანქრის ასაპრიალებლად, არის სხვადასხვა ზედაპირიანი. მინანქრის აპრიალებას ვიწყებთ უხეშიდან და ნელ-ნელა გადავფივართ უფრო წმინდა ზუმფარას ქაღალდზე, რაც იწვევს მინანქრის ზედაპირის სარკისებულ აპრიალებას. ნამუშევარს საბოლოო სახე ეძლევა ნაბადზე აპრიალების გზით

ქართული სამინანქრო ხელოვნების ტექნოლოგიების ისტორია

ქართულ სამინანქრო ხელოვნებაში თანაარსებობდა სხვადასხვა მიმდინარეობა. შევეცდებით თვალი გავადევნოთ მისი განვითარების ისტორიულ სურათს

მინანქრები ერთმანეთისაგან განსხვავდება სამინანქრო მასით – ჭიქურით და აგრეთვე მათი ფუძის დამზადების თავისებურებით. სამინანქრო მასის შემადგენლობის განსხვავება დამოკიდებული იყო ქიმიურ ნედლეულზე, ოსტატის ცოდნაზე, სამინანქრო სკოლის მხატვრულ მიმართულებაზე. როგორც წესი, ქართულ მინანქარს ოქროს ფუძეზე ამზადებდნენ. მინანქრისათვის სმალტის მინისმაგვარი მასის დამზადების უამრავი განსხვავებული ხერხი არსებობს. ძირითადად ეს გახლავთ ტყვია-კალიუმიანი მინის ვარიანტები. მას ემატება ამა თუ იმ ლითონის ჟანგი, რომელიც სხვადასხვა ელფერს სძენს მინანქრის მასას. ტყვიას უმატებენ უფრო დნობადი მასის მიღების მიზნით.

იმის მიხედვით, თუ როგორ ათავსებენ მინანქრის მასას ლითონის, ამ შემთხვევაში, ოქროს ფუძეზე, მინანქარი შემდეგ სახეობად იყოფა: ტვიფრული მინანქარი, ტიხრული მინანქარი და ფერწერული მინანქარი.

ტვიფრული და ტიხრული მინანქრის სმალტის დამზადების პროცესი შემდეგში მდგომარეობდა: მინის მასას დამსხვრევის შემდეგ საგანგებო როდინში ფხვნიდნენ. ფხვნილს ფერის მიხედვით ცალკე ჭურჭელში ინახავდნენ. ამის შემდგომ მინანქრის დასაფარავად ამზადებდნენ ლითონის, ამ შემთხვევაში მხოლოდ ოქროს ფუძეს.

ტვიფრული მინანქრის დამზადებისას ოქროს ფირფიტაზე გამოსახულების შესაბამის ფოსოებს ამოტვიფრავდნენ. გამოსახულების კონტურებს არ აღრმავებენ. სმალტისა და ლითონის შეჭიდულობის სიმტკიცის გასაძლიერებლად ფოსოს ძირს საგანგებოდ ოღრო-ჩოღროდ ამუშავებენ.

ფოსოებს ავსებენ ცომისმაგვარი მასით – წყლით მოზელილი ამა თუ იმ ფერის სმალტით. ფირფიტას აშრობენ ჰაერზე. სრული გამოშრობის შემდეგ ათავსებენ მუფელის ღუმელში და ახურებენ. სმალტის გადნობის შემდეგ ფირფიტა ფრთხილად გამოაქვთ ღუმელიდან; გაგრილება უნდა მოხდეს თანდათან, რადგან ერთბაშად გაგრილება მინანქრის ბზარვას, ან ამოცვენას იწვევს. ფირფიტის გაგრილების შემდეგ ფოსოებს ხელმეორედ ავსებენ შესაფერისი ფერის სმალტის მასით, ხელმეორედ წვავენ მას მუფელის ღუმელში. ამ პროცედურას იმეორებენ მანამ, სანამ მინანქრის ზედაპირი გაციების შემდეგ ლითონის ამობურცული ნაწილების დონეზე არ იქნება, მხოლოდ შემდგომ ამისა აპრიალებენ.

ფერწერული მინანქრის დამზადების პროცესში ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით, რომელზეც მინანქრიანი საღებავით იხატება კომპოზიცია. საქართველოში მიმართვენ ტიხრული მინანაქრის ყველაზე რთულ და ყველაზე დახვეწილ ტექნიკას. როდესაც აუცილებელია ოქროს ფირფიტის მთლიანი ზედაპირის დაფარვა მინანქრით, მაშინ ფირფიტის ნაწილებს აკეცავენ საჭირო სიმაღლეზე ან შემოავლებენ იმავე ლითონის დაბალ ბორდიურს (ამაგრებენ მირჩილვის წესით). თუ ფირფიტის ნაწილობრივი მომინანქრებაა საჭირო, მაშინ მასზე აღრმავებენ მთლიანი გამოსახულების სილუეტს, გარკვეული ზომის სიღრმეზე, მატრიცის საშუალებით. ჩვეულებრივ, ოქროს ფირფიტას ათავსებენ მატრიცაზე და ფრთხილად, ისე რომ ფირფიტა არ გაიხეს, მასზე თეგის საშუალებით გამოჰყავთ გამოსახულების სილუეტის შესაბამისი ღრმული. ამის შემდეგ ოსტატი ამზადებს ოქროს ტიხრებს, წვეტიანი ნემსით მოხაზავს გამოსახულების ნახატს და პინცეტით ადებს მას ფუძეს, მკაცრად იცავს გამოსახულების მოხაზულობას. ოსტატი ოქროს ტიხრების საშუალებით ყოველი ფერისათვის ქმნის იზოლირებულ, სრულიად ჩაკეტილ უჯრედს. ტიხრები იღუნება პინცეტით, შემდეგ კი იგი მაგრდებ აღარაკის ძირზე. ღარაკის ფუძე ისერება შიგნიდან, რათა მინანქრის მასა უფრო მჭიდროდ დამაგრდეს.

ტიხრული მინანქრის მთელ სირთულეს სწორედ ტიხრების დაკავშირების ხერხი წარმოადგენს. ეს ფაქიზი, მეტად რთული სამუშაო ცეცხლის გამოყენებას გამორიცხავს. ძველად, როგორც ჩანს, არსებობდა მჭიდრო მირჩილვის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც გამორიცხავდა ცეცხლის გამოყენებას და მას მიმართავდნენ მხოლოდ ოქროს მხატვრულ ნაკეთობათა დასამზადებლად. მირჩილვის აღნიშნულ პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულია ოქროს მხატვრულ ნაკეთობათა შემკობა ცვარათი და გრეხილით. განსაკუთრებულ ოსტატობას, სიფაქიზეს მოითხოვს ცვარას დამზადების ტექნიკა – ოქროს ზედაპირზე უწვრილესი ოქროს მარცვლების მირჩილვა.

ოქროს ცვარას ამზადებენ წინდაწინ, ლითონის უწვრილესი ნაწილებისაგან, შემდეგ პინცეტით განალაგებენ ორნამენტირებულ ფირფიტაზე. ძნელი დასადგენია, ზუსტად როგორ ამზადებდნენ ძველად ცვარას. სავარაუდოა, რომ გამდნარ ოქროს ცხრილით ასხამდნენ წყლით სავსე ჭურჭელში. ცხადია, წყალში ცვიოდა ოქროს წვრილი წვეთები. გაციებულ წვეთებს ახარისხებდნენ ზომის მიხედვით, რადგან აღწერილი ხერხით თანაბარი ზომის მარცვლების მიღება შეუძლებელია. სავარაუდოა აგრეთვე, რომ ცვარას ზედაპირის გაპრიალების მიზნით ყრიდნენ ჭურჭელში, ახურავდნენ სარქველს და ანჯღრევდნენ ხოლმე. ასევე არსებობს წყარო იმის შესახებ, რომ ლითონის ზედაპირს ფარავდნენ წებოსმაგვარი სითხით (მსხლის კურკებისაგან ამზადებდნენ), რომელზეც განალაგებდნენ ცვარას, როცა გაშრებოდა, ცვარას აფრქვევდნენ ნარჩილს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ბორაკი. ამის შემდეგ ცვარათი დაფარულ ფირფიტას ამუშავებდნენ ცეცხლით.

ტიხრული მინანქრის დასამზადებლად აუცილებელია ფერადი მინისმაგვარი მასის, ე.წ. სმალტის დამზადება და ოქროს ფუძეზე სასურველი გამოსახულების მოხაზულობის შესაბამისი ოქროსავე ტიხრები. ოქროს ტიხრები ფუძეზე წიბოთი იდება და ისე მჭიდროდ უნდა იყოს მასზე მირჩილული, რომ სმალტა, რომლითაც ივსება თითოეული ფოსო, გამოწვის დროს არ გადმოიღვაროს ტიხრიდან. ამ წესების დაცვა უზრუნველყოფს კარგ შედეგს. როგორც ვხედავთ, ტიხრული მინანქრის ტექნიკური დამზადების თვალსაზრისით, ყველაზე რთულია ტიხრების მირჩილვა, რომელიც გამორიცხავს ცეცხლის გამოყენებას, ე.ი. ცივი მირჩილვის წესი. მირჩილვას აწარმოებდნენ ოქროს შენადნობით, ანუ ოსტატები საიუველირო ტექნიკაში იყენებდნენ ვერცხლისწყალს, რადგან ოქრო ვერცხლისწყალში იხსნება. ოქროს ტიხრების დასაკავშირებლად ოქროს ფუძის ზედაპირზე, ტიხრების წიბოებს ვერცხლისწყალში აწებდნენ და ისე ათავსებდნენ ფუძის ზედაპირზე. გამოსახულების კონტურის შესაბამისად, რის შედეგადაც ტიხრები მტკიცედ უკავშირდებოდა ფუძეს.

ქართული მინანქრის უძველესი და უნიკალური საუკუნოვანი ტექნიკა ჩვენში დღესაც ცოცოხლობს და ვითარდება ოსტატთა უდიდესი შრომისა და ქართული მინანქრის უბადლო დამფასებლების წყალობით.

Signaure